Tuesday, June 8, 2010
Tuesday, May 25, 2010
მინერალური წყლები
ბუნებრივი რესურსები >> წყალი |
წყლის რესურსები
წყლის რესურსები არათანაბრად არის განაწილებული და ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. საქართველოს მდინარეები მიეკუთვნებიან ორ ძირითად აუზს, რომლებსაც ლიხის ქედი ყოფს. შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება დაახლოვებით 18109 მდინარე, ეს საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 70 %-ია, ხოლო კასპიის ზღვის აუზს მიეკუთვნება 7951 მდინარე (30%). ჰიდროლოგიურად შესწავლილია 555 მდინარე შავი ზღვის აუზში და 528 მდინარე კასპიის ზღვის აუზში. აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის ერთიან სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში, დასავლეთ საქართველოს მდინარეები კი დამოუკიდებლად ერთვიან შავ ზღვას. საქართველოს უდიდესი მდინარე მტკვარი, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ მისი შუა წელია (400 კმ) სათავე თურქეთშია, ხოლო ჩაედინება კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. დასავლეთ საქართველოს მდინარეებს შორის ყველაზე უდიდესი და წყალუხვი მდინარე რიონია. იგი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა მოქცეული, დიდი კავკასიონის მთებში იღებს სათავეს და ქუთაისისა და ფოთის გავლით შავ ზღვაში ჩაედინება. ჰიდროელექტროსადგურებსა და ირიგაციულ სისტემებს 43 წყალსაცავი ემსახურება. მათგან 35 აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. წყალსაცავები დიდ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკაში. ამჟამად საქართველოში ელექტროენერგიის 75%-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებში გამომუშავდება. ქვეყნის აღმოსავლეთ, უფრო მშრალ ნაწილში ირიგაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობისათვის. საქართველოში დღეისათვის წყლის რესურსების მართვა ხორციელდება ადმინისტრაციული პრინციპის საფუძველზე, რაც ნაკლებად ეფექტიანია გამომდინარე წყლის ბუნებიდან და იმ ჭეშმარიტებიდან, რომ “წყალმა არ იცის საზღვრები”. ადმინისტრაციული მოდელი ვერ უზრუნველყოფს წყლის რესურსების მოხმარების ეფექტიან დაგეგმვას მდინარის აუზის ფარგლებში არსებული წყალმოსარგებლეების ინტერესების და ამავდროულად გარემოსდაცვითი მიზნების გათვალისწინების საფუძველზე. საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროებია წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი, თბოენერგეტიკა და მრეწველობა. |